საქართველო უკრაინის შემდეგ არის ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანა სწორედ რუსეთის მხრიდან, იმის მიუხედავად კარასინი გაგახარებთ თუ არა თავის განცხადებით, ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე, ეს გვახსოვდეს ყველას, - განაცხადა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად. ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ იწონებს კარასინი "ქართული ოცნების" პოზიციონირებას სანქციებთან დაკავშირებით.
„რეალურად, შეკითხვა და არგუმენტი - კი მაგრამ, რუსეთის ფედერაცია თუ თბილისს ბომბებით არ ესხმის თავს, ესეიგი თქვენ პრორუსულები ხართ და არ ხართ პროდასავლურები, საკმაოდ უბადრუკი არგუმენტია.
დღეს ასე ჭირდება რუსეთს, ხვალ შეიძლება სულ სხვანაირად დაჭირდეს, მინდა ერთი რამ ვთქვა ყველას გასაგონად, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ არის ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანა სწორედ რუსეთის მხრიდან, იმის მიუხედავად კარასინი გაგახარებთ თავის განცხადებით თუ არა, ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე, ეს გვახსოვდეს ყველას და ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ საქართველოს, მის საზოგადოებას სამიზნის რეალიზაცია როგორმე თავიდან ავაცილოთ. არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია, რომ სამიზნეს რეალურად ვიქცეთ და ამ სიტუაციაში შეიძლება მერე პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც ეხება კითხვას, რატომ არ ტარდება უშიშროების საბჭოს სხდომას გაფართოებულ ფორმატში ან დახურული შეხვედრები, ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის მონაწილეობით მსგავსი შეხვედრების ჩატარება საფრთხეებს მხოლოდ გაზრდის.
"ოპოზიციის როლი, ამ შემთხვევაში, იმდენად ნეგატიური და დესტრუქციულია, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი ძალის, რომელიც უპირისპირდება ნებისმიერ იდეას, წამოწყებას, აზრს და ოპოზიციონერობიდან დესტრუქციულობის აქტიურ ფაზაში გადავიდა, რომ მათთან ერთად თუნდაც, დახურულ ფორმატში საკითხის განხილვა შეიძლება უფრო საფრთხის შემცველი გახდეს და მოამრავლოს საფრთხეები ჩვენს გარშემო. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს სხდომას, მე არ ვიცი, თქვენ რატომ არ კითხულობთ, ტარდება თუ არა ყოველდღიურად ინტენსიური სამუშაო შეხვედრები იმ სტრუქტურების მონაწილეობით, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები არიან, ტარდება მათ შორის, ეკონომიკურ გუნდთან და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ვოლსკიმ.