უკრაინაში იბადება ძლიერი ერი, მათაც უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე სხვა მართლმადიდებლური ეკლესიისა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
25 მარტი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა.
"პირველ რიგში, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის. რომ არა ავტოკეფალიის აღდგენა, ალბათ არც დამოუკიდებლობის აღდგენა არ იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო. არ შეიძლება დღეს არ გავიხსენო უკრაინა, სადაც რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია თავიანთი ეკლესიის, რამე თუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე სხვა მართლმადიდებლური ეკლესიისა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.