ვიცით, რომ თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის და ასევე, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი საერთო ევროპული გზისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს სახელმწიფოს სახელით, მსურს, მივმართო ჩვენ მეგობრებს, უკრაინის მოქალაქეებს. მათ, ვინც იბრძვის ქალაქებში, ვინც წინააღმდეგობას წევს მარიუპოლში, კიევში, ხარკოვში, ოდესაში. მსურს, მივმართო უკრაინელ ქალებს, რომლებმაც აჩვენეს სიმამაცე ამ ბრძოლის მხარდაჭერაში. მსურს, მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც იმყოფებიან მეზობელ ქვეყნებში და ზოგიერთი მათგანი – საქართველოში. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ, ვართ თქვენთან ერთად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს და ვიცით, როგორი მამაცები ხართ წინააღმდეგობაში შემოჭრიდან ერთი თვის განმავლობაში. ზუსტად 29 დღეა და ეს არის 29 გამარჯვება, რომელიც უკვე მოიპოვეთ რუსეთზე, რომელზეც ყველა ფიქრობდა, რომ სუპერძალა იყო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, რომ დაამარცხოს უკრაინა ისე სწრაფად, როგორც თავად ფიქრობდა.
"მსურს, გისურვოთ წარმატება, გამარჯვება, წინააღმდეგობა, რადგან ჩვენ ვიცით, როგორც თქვენმა მეგობრებმა, თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის და ასევე, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი საერთო ევროპული გზისთვის. მადლობა უკრაინა. დიდება უკრაინას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.