გასული ფინანსური წლის განმავლობაში პორშემ მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი ავტომწარმოებლის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა. 2021 წელს 15%-იანი ზრდით, გაყიდვებმა 33.1 მილიარდი ევროს ოდენობით ისტორიულ ციფრებს მიაღწია. წინა წლის მაჩვენებელს 1,1 მილიარდით გაუსწრო საოპერაციო მოგებამ და 5,3 მილიარდი ევრო შეადგინა.
პორშეში მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებლები მათი ბიზნესგეგმის სწორად განხორციელებისა და ბრენდის ღირებულებების დაცვის შედეგია. გეგმავენ, დაძაბული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, გააგრძელონ ინვესტიციების ჩადება ელექტროფიცირებაში, დიგიტალიზაციასა და მდგრად განვითარებაში.
"ეს დადებითი შედეგები გაბედულ, ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. ჩვენი ინდუსტრია ახლა, ისტორიის მანძილზე, ყველაზე დიდ ცვლილებას განიცდის", - აცხადებს Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმე.
მიუხედავად რეკორდული გაყიდვებისა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია ბიზნესზე. ბრენდმა რუსეთის ბაზარი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დატოვა და უკრაინელების დასახმარებლად 1 მილიონი ევროც გადარიცხა.
"სტრატეგიულად, ოპერაციულად და ფინანსურად პორშე შესანიშნავ მდგომარეობაშია. თუმცა წინ გვაქვს რთული თვეები, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ამის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სტრატეგიულ მიზანს, რომ გაყიდვების 15% გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად გამოვიყენოთ", - ამბობს Porsche-ს ფინანსური დირექტორი ლუც მეშკე.
გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, პრემიუმ ბრენდი ელექტრომიმართულების გაძლიერებას აპირებს. კომპანიის გეგმაა ავტომობილების 80% სრულად ელექტრო გახადოს.
პორშეს ელექტროავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2021 წელს. ევროპის ბაზარზე გასული ავტომობილების 40% Plug-in hybrid ან სრულად ელექტრო იყო.
გასულ წელს პორშემ მსოფლიო მასშტაბით 301,915 ავტომობილი გაყიდა და პირველად გადააჭარბა 300 000-იან ნიშნულს. გერმანული პრემიუმ ბრენდისთვის ეს ისტორიული მაჩვენებელია. 171,433 შეადგინა ყველაზე მოთხოვნადი მოდელების Macan-ისა და Cayenne-ის გაყიდვებმა.
ორჯერ გაიზარდა სრულად ელექტრომოდელის Taycan-ის გაყიდვების რაოდენობა და 41,296 შეადგინა. ეს რიცხვი საკულტო სპორტული მოდელის 911-ის გაყიდვების მაჩვენებელსაც აღემატება.
"Taycan-ს აქვს პორშესთვის დამახასიათებელი თვისებები და ის შთაგონების წყაროა ყველა ტიპის მომხმარებლისთვის. რამდენიმე წელიწადში გვსურს, შემოგთავაზოთ ჩვენი ერთ-ერთი მოდელის, 718-ის სრულად ელექტროვერსია. ვვარაუდობთ, 2025 წლისთვის პორშეს მიერ გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრო იქნება. 2030-ში კი სრულად ელექტროავტომობილების წილი ახალი ავტომობილების 80 %-ზე მეტს უნდა შეადგენდეს", - აცხადებს Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმე.
ასევე, პორშეს ამბიციურ გეგმებშია, 2030 წლისთვის წარმოება სრულად ნახშირბად-ნეიტრალური გახადოს. დასახული მიზნების მისაღწევად პორშე, პარტნიორებთან ერთად, მაღალი კლასის დამტენ სადგურებში მოცულობითი ინვესტიციის ჩადებას აპირებს. დამატებით, ინვესტიციაა გათვალისწინებული ისეთ საკვანძო ტექნოლოგიებში, როგორებიცაა ბატარეის სისტემები და მოდულების წარმოება.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია "პორშე ცენტრი თბილისი", რომელიც საქართველოში ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, ადგილობრივ მომხმარებელს პორშეს ახალ ელექტრომოდელებსაც აქტიურად გააცნობს.