უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს მიმართა.
ზელენსკიმ იაპონელ კანონმდებლებს მოუწოდა, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე მის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგოს დაწესებით.
მიმართვისას ზელენსკიმ ისაუბრა ორი ქვეყნის საერთო ტრაგიკულ გამოცდილებაზე ბირთვულ სფეროში.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონიას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო.
"ჩვენ გვჭირდება ემბარგო რუსეთთან ვაჭრობაზე", - თქვა ზელენსკიმ. "აუცილებელია," განაგრძო მან, ”კომპანიების გასვლა რუსული ბაზრიდან, რათა ფული არ წავიდეს (რუსეთის არმიის საჭიროებების დასაფინანსებლად)".
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ იაპონია იყო პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც ზეწოლა მოახდინა რუსეთზე უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. მან იაპონელ პარლამენტარებს ამ მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ბრიუსელში G7-ის შეხვედრის დროს, ის გამოაცხადებს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და დამატებით ზომებს უკრაინის მხარდასაჭერად.
უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონია შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ტოკიოს მიერ დაწესებული სანქციები ვრცელდება რუსეთის 76 ფიზიკურ პირზე, შვიდ ბანკსა და 12 სხვადასხვა ორგანიზაციაზე.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი გამოვიდა იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებიდან და გაყინა ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია კურილის კუნძულებთან.