უკრაინის სახალხო დამცველის ლიუდმილა დენისოვას ინფორმაციით, 2022 წლის 22 მარტის მდგომარეობით უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 117 ბავშვი დაიღუპა და 155 დაშავდა.
დენისოვას განცხადებით, ეს მონაცემები ეყრდნობა წინასასამართლო გამოძიების ერთიან რეესტრსა და სხვა წყაროებს, რომლებსაც დადასტურება სჭირდება.
"დაღუპული და დაჭრილი ბავშვების რეალური რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან უკრაინის ქალაქებში საოკუპაციო ჯარები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ", - წერს ლიუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, 21 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში დაიღუპა 925 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 39 ბავშვი.
"მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი მოჰყვა ასაფეთქებლი იარაღის გამოყენებას, რომელიც აზიანებს დიდ ფართობს, ასევე მძიმე არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან დაბომბვასა და სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს“, - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ინფორმაციაში.