რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები 140-მეტრიანი იახტა "შეჰერეზადას" შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საკუთრებაა.
გამოძიების შედეგები ნავალნის ვებგვერდსა და YouTube არხზე გამოქვეყნდა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტა 2020 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ნავალნის თანამოაზრეების თქმით, ახლა იახტა იმყოფება იტალიის ტოსკანაში, ზღვისპირა კურორტ მარინა დი კარარას პორტში.
პორტალ SuperYachtFan-ის ცნობით, იახტის ღირებულება 700 მილიონი დოლარია (72,8 მილიარდი რუბლი რუსეთის ცენტრალური ბანკის 21 მარტის კურსით).
იახტას 6 გემბანი აქვს. მთავარ გემბანზე განთავსებულია 6 სასტუმრო კაიუტა, გრანდიოზული სასადილო ოთახი, სპა, მასაჟის სალონები, საუნები, სპორტული დარბაზი, დაივინგისა და სათევზაო აღჭურვილობის კაბინა.
მანამდე, The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ იახტას აქვს აუზი დასაკეცი სახურავით, რომელიც იქცევა საცეკვაო მოედნად, ხოლო სააბაზანოებში მოოქროვილი ჭაღებია დამაგრებული.
იახტას ასევე აქვს ვერტმფრენის დასაფრენი ორი მოედანი. ერთ-ერთ ზედა გემბანზე არის ვეებერთელა მისაღები, სასადილო ოთახი, ორი VIP კაიუტა და მექანიკური ფორტეპიანო, რომელიც ეკიპაჟის წევრის თქმით, თავად უკრავს.
იახტაზე ასევე არის საბილიარდო და სამი ბუხარი, რომელთაგან ორი გაზისაა, ხოლო ერთი შეშის. ნავალნის გუნდი აღნიშნავს, რომ შეშის ბუხარი "წარმოუდგენელი იშვიათობაა სუპერიახტებისთვისაც კი".
ითვლება რომ ერთ-ერთი გემბანი მთლიანად მფლობელის განკარგულებაშია, რომელიც თავის მხრივ ორ ზონად იყოფა. ერთ არის მესაკუთრის ზონა, სადაც განთავსებულია საძინებელი, პრივატული სპა სალონი, აბაზანა ჯაკუზით, გასახდელი ოთახი და სამუშაო კაბინეტი. მეორე ზონა მფლობელის კომპანიონს ეკუთვნის, რომელიც შედგება უზარმაზარი საძინებლის, ჯაკუზიანი აბაზანისა და გასახდელი ოთახისგან.
გემის მფლობელი ოფიციალურად უცნობია - დოკუმენტებში მითითებულია ოფშორული კომპანია მარშალის კუნძულებიდან.
"შეჰერაზადა" ერთადერთია მსოფლიოში არსებული 14 ერთეული 140-მეტრიანი იახტიდან, რომლის მფლობელის ვინაობა საჯაროდ არ გახმაურებულა. The New York Times-ი წერდა, რომ, სავარაუდოდ, ნავი შეიძლება ეკუთვნოდეს "ახლო აღმოსავლეთის მილიარდერს ან დიდი კავშირების მქონე რუსს - თუნდაც ბატონ პუტინს", რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება.
ნავალნის გუნდმა ოფიციალური მტკიცებულება იმისა, რომ იახტას პუტინი ფლობს, ვერ მოიპოვა. მაგრამ ნავალნის ერთ-ერთი თანამოაზრე მარია პევჩიხის თქმით, აღმოაჩინეს "საუკეთესო მტკიცებულება" იმისა, რომ იახტა ნამდვილად პუტინს ეკუთვნის ის დაკომპლექტებულია რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის (FSO) წევრებით. სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტის დაცვაზე.
საერთო ჯამში, გამომძიებლების მიერ მოპოვებული ეკიპაჟის სიის მიხედვით, იახტაზე 23 ადამიანი მუშაობს: გემის კაპიტანი გაი ბენეტ-პირსი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, დანარჩენები რუსეთის მოქალაქეები არიან.
გემის კაპიტანმა, გაი ბენეტ-პირსმა, The New York Times-თან საუბარში უარყო, რომ იახტას პუტინი იახტს ან ოდესმე ყოფილა მასზე. "მე ის არასოდეს მინახავს. მე მას არასოდეს შევხვედრივარ", - განუცხადა მან გამოცემას. ამასთან, კაპიტანს არ გამოურიცხავს, რომ იახტა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნოდეს.