უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები სახლში წასასვლელ გზას ვერაფრით აგნებენ, ამიტომ უკრაინელი ჯარისკაცები ეხმარებიან ღვთის სამსჯავროსკენ მიმავალ გზაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართავში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 25-ე დღეა რუსი ჯარისკაცები ეძებენ და ვერ პოულობენ მათ მიერ გამოგონილ "ნაცისტებს", რომლებისგანაც თითქოს უკრაინელი ხალხის გათავისუფლება სურდათ, ეძებენ და ვერ პოულობენ უკრაინელებს, რომლებიც მათ ყვავილებით უნდა დახვედროდნენ.
"რუსი ჯარისკაცები ვერაფრით აგნებენ სახლში წასასვლელ გზას, ამიტომ ჩვენი სამხედროები ეხმარებიან ღვთის სამსჯავროსკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე ისინი მიიღებენ მხოლოდ ერთ სასჯელს, ყველა მიიღებს სამუდამო სარდაფს, ბომბებით დაფარულს, საკვების, წყლისა და სითბოს გარეშე. ყველაფრისთვის მიეზღვებათ, რაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გააკეთეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან გაიხსენა ოკუპანტების დანაშაულები ახტირკაში, ხარკოვში, ბოროდიანკაში, ჩერნიჰოვში, ვოლნოვახაში, მარიუპოლსა და უკრაინის სხვა გმირ ქალაქებში.
მისივე თქმით, ამ დრომდე უცნობია მარიუპოლის ხელოვნების სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს ინფორმაცია იმ რუს მფრინავზე, რომელმაც მარიუპოლის სკოლა დაბომბა და მას აუცილებლად ჩამოაგდებს.