ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება უბრძანა.
სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, დიპლომატების გაძევებას ადასტურებს სოფიაში რუსეთის დიპლომატიური მისია.
გაძევებული დიპლომატების ვინაობა არ საჯაროვდება.
2 მარტს Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ ბულგარეთის ხელისუფლება ჯაშუშობის საქმის გამოძიების ფარგლებში, რუსი დიპლომატების გაძევებას განიხილავდა.
მანამდე ბულგარეთის პროკურატურამ რუს დიპლომატს ბრალი წაუყენა ქვეყანაში სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების გამო.