ბათუმის ახალ ბულვარში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ლეხ კაჩინსკის ძეგლი გაიხსნა.
ცერემონიალს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.
"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამუდამოდ უკვდავვყოთ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი, მისი ნათელი ხსოვნა.
პრეზიდენტი კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, უფრო მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტი კაჩინსკი ჩამოფრინდა თბილისში, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი სუვერენიტეტისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის.
დღეს, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე უმძიმესი მოვლენების დროს, ყველას გვახსენდება მისი გაფრთხილება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ თუ წინ არ აღუდგებოდნენ საქართველოსადმი აგრესიას, მომავალში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ჯერი დადგებოდა.
მისი ტრაგიკული, უდროო გარდაცვალება ჩვენმა ხალხმა ისევე განიცადა, როგორც მოძმე პოლონელებმა.
ლეხ კაჩნსკის ხსოვნის უკვდავყოფით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მადლიერებას მისდამი და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ არჩევანს, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში. დიდება ჩვენს გმირებს!“ , - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.