რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის "გეოპოლიტიკური მიზნები არ ითვალისწინებს ძლიერ და დამოუკიდებელ რუსეთს".
მისივე თქმით, დასავლეთი რუსეთის გაუქმებას ცდილობს.
"დასავლეთი ვერ მიაღწევს წარმატებას გლობალური დომინირებისა და რუსეთის დაშლის მცდელობაში", - დასძინა პუტინმა.
"თუ დასავლეთი ფიქრობს, რომ რუსეთი უკან დაიხევს, მას რუსეთის არ ესმის", - ამბობს პუტინი.
პუტინის თქმით, "რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" განეხორციელებინა უკრაინაში".
აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი აგრძელებს მტკიცებას, რომ უკრაინას ჰქონდა დაგეგმილი აგრესია რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ დასავლური ძალები.
მან ასევე განაცხადა, რომ დასავლურ ძალებს სურთ შექმნან "ანტირუსეთი" და არ აინტერესებთ უკრაინელი ხალხი.
პუტინმა დასძინა, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით "ხელს უწყობს სისხლისღვრის გაგრძელებას".
მისი თქმით, "რუსული ჯარების გამოჩენა კიევთან, უკრაინის სხვა ქალაქებთან არ არის დაკავშირებული ამ ქვეყნის ოკუპაციის განზრახვასთან, ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს".
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებზე განიხილოს ფუნდამენტური საკითხები - "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".