რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ რუსეთის ბედი და მსოფლიოში მისი ადგილი ახლა წყდება და რუსეთი თავის "სუვერენიტეტზე უარს არ იტყვის".
"ჩვენს ქვეყანას დღეს უდგას ჭეშმარიტად ისტორიული მომენტი. წყდება რუსეთის ბედი და მისი მომავალი ადგილი მსოფლიოში, არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთის განვითარების მთავარი ფაქტორი, მისი ათასწლოვანი ისტორიის ბირთვი არის და იქნება სუვერენიტეტი. მისი უფლებაა დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი. სუვერენიტეტი ეს არის ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და ღირსების გარანტია, ჩვენი შვილების მომავალი. ასეთ საკითხებში რუსეთს უკან არასდროს დაუხევია და არც დაიხევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი აღარ იქნება", - თქვა ნარიშკინმა.
აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული "სპეციალური ოპერაციის" მიზანია დონბასის მოსახლეობისა და რუსეთის უსაფრთხოების დაცვა და ემყარება "მსოფლიოში არსებული სიტუაციის უკიდურესად ზუსტ, რეალისტურ შეფასებას".
მისი თქმით, "კიევის ღია რუსოფობიური რეჟიმის" მიმართ დაგვიანებული მოქმედება დიდ ტრაგედიად შეუბრუნდებოდა რუსეთს.
"რუსეთს უბრალოდ სხვაგვარად მოქცევის შანსი არ დაუტოვეს", - თქვა აგრესორმა.