რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპის საბჭოდან გასვლით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დენონსაციას (ცალმხრივად შეწყვეტა) მოახდენს.
"ევროპის საბჭოს დატოვებისას რუსეთი იძულებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დენონსირება მოახდინოს. მაგრამ ნუ გეშინიათ, ყველა უფლება გარანტირებული იქნება ჩვენს ქვეყანაში უშეცდომოდ და უპირობოდ", - დაწერა სლუცკიმ ტელეგრამის არხზე.
სლუცკის განცხადებით, დუმა დაუყოვნებლივ შეუდგება კონვენციის დენონსაციის კანონპროექტის განხილვას, როგორც კი ის სახელმწიფო სათათბიროს პროექტი წარედგინება.
ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უარჰყოფს ევროპის საბჭოს ქარტიას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და კიდევ ოთხ კონვენციას, რომლებშიც მონაწილეობა მხოლოდ ევროპის საბჭოს წევრებისთვისაა გათვალისწინებული.
მანამდე სამშაბათს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პეტრ ტოლსტოიმ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წერილი გაუგზავნა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელშიც გამოაცხადა რუსეთის გადაწყვეტილება ევროსაბჭოდან გასვლის შესახებ.