დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღების თაობაზე განაცხადა.
ტრასის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის 386 წევრს, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრას.
ახალი სანქციების თანახმად, სანქცირებულ რუს დეპუტატებს აეკრძალებათ ბრიტანეთში მოგზაურობა, გაერთიანებულ სამეფოში მათი აქტივები გაიყინება. ამასთან, სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ბრიტანეთში ბიზნესსაქმიანობა.
"მიზანში ამოვიღეთ პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრის თანამონაწილეები და ისინი, ვინც მხარს უჭერს ამ ბარბაროსულ ომს. ჩვენ არ შევამსუბუქებთ ზეწოლას და გავაგრძელებთ სანქციების პოლიტიკით რუსეთის ეკონომიკისთვის ძირის გამოთხრას", - განაცხადა ლიზ ტრასმა.
ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, ბრიტანეთის მიერ რუსეთის დუმის სანქცირებულ დეპუტატთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა.
საერთო ჯამში, ბრიტანეთმა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 500-ზე მეტ ადამიანზე გაავრცელა მკაცრი სასანქციო პოლიტიკა.