საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი, მილიარდერი რომან აბრამოვიჩი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატა.
რუსი ოლიგარქი ორი ათეული წელია ბრიტანეთში იმყოფება.
სანქციების თანახმად, აბრამოვიჩის აქტივები, მათ შორის "ჩელსი", გაიყინება, ბრიტანეთის ფიზიკურ პირებსა და კომპანიებთან ტრანზაქციები აეკრძალება, შეეზღუდება მოგზაურობის შესაძლებლობა.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში ასევე დაამატა კომპანია ალუმინის გიგანტ Rusal-ისა და კომპანია En+ Group-ის მფლობელი, ოლეგ დერიპასკა, „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, „ტრანსნეფტის“ პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი და ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ შეიძლება იყოს "უსაფრთხო თავშესაფარი მათთვის, ვინც მხარს უჭერდა პუტინის სასტიკ თავდასხმას უკრაინაზე".
რომან აბრამოვიჩი 2003 წლიდან ფლობს „ჩელსის“. რამდენიმე დღის წინ, მან განაცხადა, რომ გაყიდის კლუბს და თანხას უკრაინაში ომის მსხვერპლთა დახმარების ფონდში გადარიცხავს.