უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატას მიმართა. მან ბრიტანეთს მოუწოდა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს, კიდევ უფრო გაამკაცროს სანქციები და დახუროს უკრაინის საჰაერო სივრცე.
პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას თემთა პალატის დეპუტატები და ბრიტანეთის მთავრობის წევრები ოვაციებით შეხვდნენ.
"ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი და არ გვინდოდა ეს ომი. მაგრამ ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ის, რაც ჩვენია - ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი უკრაინა. ისევე როგორც თქვენ არ გინდოდათ თქვენი ქვეყნის დაკარგვა, როდესაც ნაცისტები ცდილობდნენ მის დაპყრობას.
13-დღიანი ბრძოლა. პირველ დღეს, ღამის ოთხ საათზე ფრთოსანი რაკეტებით დაგვესხნენ თავს. გაიღვიძა ყველამ – ხალხმა, ბავშვებმა, მთელმა უკრაინამ და მას შემდეგ ჩვენ არ გვძინავს, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის.
საომარი მოქმედებების 13 დღის განმავლობაში 50-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ამ ბავშვებს სწყუროდათ ცხოვრება, მაგრამ დამპყრობლებმა სიცოცხლე წაართვეს.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გადაარჩენს თავის ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას. ჩვენ არ დავთმობთ და არ წავაგებთ! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვიბრძოლებთ ზღვებზე, ვიბრძოლებთ ჰაერში, დავიცავთ ჩვენს მიწას, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებზე, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებში, ვიბრძოლებთ მთებში.
ბრიტანელებო, უკრაინას არ სურდა ეს ომი. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას. ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი. ჩვენთვის კითხვა ახლა ასე დგას: ყოფნა თუ არყოფნა? ეს შექსპირისეული კითხვაა. შემიძლია საბოლოო პასუხი გავცე ამ კითხვას - ყოფნა.ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის. გაზარდეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლა და აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ. გთხოვთ, უზრუნველყავით, რომ ჩვენი უკრაინული ცა უსაფრთხო იყოს. უზრუნველყავით იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც აუცილებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთის თემთა პალატას უცხო ქვეყნის ლიდერმა მიმართა.