არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია. დიახ, ეს ჩვენთვის სამამულო ომია და ჩვენ ვიცით, როგორ დასრულდება ის დამპყრობლებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად, რომ მათი რაოდენობა ათჯერ მეტია, მტრის მორალური განწყობა უარესდება.
„რუსები თუ სადმე შევიდნენ, მხოლოდ დროებით. ჩვენ გამოვდევნით მათ. სამარცხვინოდ. რიგითი ადამიანები აძევებენ დამპყრობლებს სასურსათო მაღაზიებიდან, სადაც რუსი ჯარისკაცები საკვების მოძიებას ცდილობენ. ესენი ზესახელმწიფოს მეომრები არ არიან. ესენი არიან დაბნეული ბავშვები, რომლებიც გამოიყენეს. ყველა დამპყრობელმა უნდა იცოდეს, რომ აქ ვერაფერს მიიღებენ, ვერავინ დაიპყრობს. მაშინაც კი, თუ მათ მეტი აღჭურვილობისა და მეტი ადამიანის მოგროვება შეუძლიათ, მათთვის არაფერი იცვლება. სადაც არ უნდა შევიდნენ, ყველგან განადგურდებიან, სიმშვიდე არ ექნებათ. საკვები არ ექნებათ. მათთვის მშვიდი მომენტი არ იქნება. დამპყრობლები უკრაინისგან მხოლოდ უარს მიიღებენ, სასტიკ უარს. ისეთ წინააღმდეგობას, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდებათ.
ჩვენ არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია. დიახ, ეს ჩვენთვის სამამულო ომია და ჩვენ ვიცით, როგორ დასრულდება ის დამპყრობლებისთვის. ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს, რათა მტერი მთლიანად გატეხოს. თითქმის ცხრა ათასი რუსი დაიღუპა ერთ კვირაში. უკრაინას არ სურს მისი ტერიტორიის სამხედრო გვამებით დაფარვა. წადით სახლში მთელი თქვენი ჯარით. უთხარით თქვენს მეთაურებს, რომ გსურთ ცხოვრება. ომი უნდა შეწყდეს და მშვიდობა აღდგეს, რაც შეიძლება მალე. დღეს, ჩვეულებრისამებრ, აქტიური მოლაპარაკებების დღე იყო ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერებთან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.