დღეს, 24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება ამერიკელი ფოტოგრაფის, თომას ბერნსის პროექტი "მოგონებების ადგილი _ პორტრეტები სამხრეთ კავკასიიდან". პროექტში წარმოდგენილი ფოტოები შეიქმნა 2009 და 2010 წლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ფულბრაიტის საზოგადოების მხარდაჭერით.
თომას ბერნსი ფოტოგრაფი და კინემატოგრაფისტია ლოს-ანჟელესიდან. 2009 წელს, პარიზში ევროპის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის. მოპოვებული აქვს უამრავი გრანტი, მუშაობს სტუდენტებთან და თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
გამოფენაზე წარმოდგენილია ორმოცდაათამდე ნამუშევარი. თომას ბერნსის ფოტოებზე აღბეჭდილია კავკასიელები სომხეთში, აზერბაიჯანსა, საქართველოში. რომანტიული და ფერწერული პორტრეტების ნაცვლად, აქ მთავარი ყურადღება ეთმობა ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელთა გამომეტყველებაში ხშირად იკითხება გართულებული ყოფის კვალი. თანამედროვეობა თომას ბერნსის ფოტოპორტრეტებში ხაზს უსვამს ხელოვანის პოზიციას უახლესი კავკასიის მიმართ. პორტრეტები, რომლებიც ყოველთვის იყო გამსჭვალული დროისა და დანაკარგის შეგრძნებით, ქმნიან ამ მდგომარეობისადმი სპეციფიური მიდგომის საშუალებას.
გამოფენა 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.