კიევში 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს, რომელთაც კრემლის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების მოკვლა აქვთ ნაბრძანები, რათა მომზადდეს საფუძველი მოსკოვის მიერ კონტროლის ხელში ასაღებად. იტყობინება ბრიტანული გამოცემა The Times.
გამოცემის ცნობით, საუბარია სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლებზე, რომლებიც კრემლის ბრძანებითა და სოლიდური ფინანსური პრემიის სანაცვლოდ, უკრაინაში ზელენსკისა და მისი მთავრობის ლიკვიდირების მისიით, აფრიკიდან 5 კვირის წინ გაემგზავრნენ.
"ვაგნერი" კერძო სამხედრო კომპანია, რომელსაც პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი მართავს, კრემლის ყველაზე საზარელ მისიებს ასრულებს.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის ჩანაფიქრის შესახებ კიევისთვის ცნობილი გახდა და შაბათს დილიდან 36-საათით კომენდანტის საათი გამოცხადდა, რათა ქალაქი რუსი დივერსანტებისაგან გაეწმინდათ.
გამოცემის ცნობით, დაქირავებულების სამიზნეების სიაშია პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და მისი ძმა ვოლოდიმირი, საერთო ჯამში - 23 ადამიანი.
Times-ს წყარომ აცნობა, რომ იანვარში უკრაინაში 2000-დან 4000-მდე დაქირავებული მებრძოლი გაიგზავნა. მათ შორის 400 მებრძოლი კიევში ბელარუსიდან ჩავიდა.