უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 352 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 14 ბავშვი.
სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 1684 ადამიანი, მათ შორის 116 ბავშვი.
უწყების ცნობით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას.
დღეს, შუადღისას, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ. უწყების ცნობით, სავარაუდოდ, დაღუპულია 4 300 სამხედრო. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად აღიარა დანაკარგის შესახებ, თუმცა კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია.
24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მანამდე, მან უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან მალევე, უკრაინამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. მალევე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.
უკრაინაში ინტერვენციის პასუხად, დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა.