უკრაინამ გაეროს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელით მიმართა და საქმის დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
"უკრაინამ სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ტერმინ გენოციდის ცნების მანიპულაციისათვის , რაც აგრესიის გასამართლებლად გამოიყენა. გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამრთლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება", - წერს ზელენსკი.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებები გენოციდის ნიშნებს შეიცავს.
"რუსეთის კრიმინალური ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გენოციდის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ, მე ვესაუბრე გაეროს გენერალურ მდივანს. ისინი ჩვენი ბავშვების დახოცვას აპირებენ - ესაა ბოროტება, რომელიც მოვიდა ჩვენს მიწაზე და ის უნდა განადგურდეს. მათ მოიტყუეს, როდესაც თქვეს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არ შეეხებოდნენ. შემოჭრის პირველივე საათებიდან, რუსი ჯარისკაცები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს და შეგნებულად ირჩევენ ადამიანების განადგურების ტაქტიკას", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.