კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, 2009 წელს, აპრილიდან დღემდე, კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გატარებული ღონისძიებების ნუსხა გამოაქვეყნა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ შესრულებულია 28 900 ლარის ღირებულების სამუშაოები. ასევე, ყვარლის რაიონში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა 321 000 ლარის ღირებულების ნაპირსამაგრი სამუშაოები.
უახლოეს მომავალში ადგილობირივი მუნიციპალიტეტის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, შესრულდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობებისა და შიდა ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზედაც 250 ათასი ლარი დაიხარჯება.
ყვარლის რაიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციულ ღონისძიებებს მოხმარდება ასევე დამატებით 180 ათასი ლარი.
რაც შეეხება თელავის რაიონს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტის მიერ გატარდა 66 100 ლარის ღირებულების სამუშაოები. ამასთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ამჟამად მიმდინარეობს თელავის ხევის გაწმენდის სამუშაოები - 1700 მეტრზე.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, უახლოეს მომავალში განხორციელდება სოფელ შალაურის ხიდის რეაბილიტაცია. შესრულდება დაახლოებით 132 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განხორციელდა არაერთი ღონისძიება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ცოდნისკარში `ნიბოს ხევზე~ გადასასვლელ ხიდს და სოფელ აფენში ფონას ხიდს - შესრულდა 68 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელდა 19 694 ლარის, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ 57 811 ლარის სამუშაოები.