საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მიკროავტობუსების მძღოლებს 25 ნოემბერს კახეთიდან თბილისში ხალხის გადაყვანა აუკრძალეს.
ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი, თელავი - თბილისის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება.
მიკროავტობუსების მძღოლების ცნობით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამართალდამცავები მძღოლებს დაჯარიმებით დაემუქრნენ.
მძღოლებმა ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტებთან საუბარში თელავის, ყვარლის და გურჯაანის ავტოსადგურების თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ 25 ნოემბერს რეგიონიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები შეზღუდვით იმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ წარმომადგენლობითი სახალხო კრების ჩატარებაა დაგეგმილი.