ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთის სანქციებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსკოვი მისი ეკონომიკისთვის ფართომასშტაბიანი შედეგების შესახებ.
"ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ მომზადებული სანქციების მიზანია, რუსეთი არსებითად ჩამოაშოროს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა გერმანული ტელეარხის ARD-ის ეთერში.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შეზღუდვები დაწესდება ყველა საქონელზე, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს და რუსეთს გადაუდებლად ესაჭიროება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ამ საქონლის ჩანაცვლებას ვერ შეძლებს.
ამავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტი გამოეხმაურა უკრაინის ხელისუფლების მოწოდებებს რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციების დაწესების თაობაზე. მისი თქმით, დასავლეთი კვლავ აძლევს რუსეთის დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის შანსს.
"შესაძლებლობების ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა", - თქვა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ახლა მთლიანად პრეზიდენტ პუტინის ხელშია. "გვჯერა, რომ რუსეთი ყურადღებით ისმენს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ", - თქვა პრეზიდენტმა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ 19 თებერვალს ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო ჯგუფმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 1500-ზე მეტი დარღვევა დაითვალა.
დასავლეთი, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ.