20 თებერვალს, პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ცერემონია პეკინის ეროვნულ სტადიონზე, მეტსახელით "ჩიტის ბუდე", გაიმართა. ტრიბუნებზე, სხვათა შორის, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც იმყოფებოდა.
პეკინის თამაშების ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, ოლიმპიადის დროა მომდევნო ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებს, იტალიის ქალაქებ მილანსა და კორტინა დ’ამპეცოს გადაეცათ.
მილანსა და კორტინაში ოლიმპიადა 2026 წელს გაიმართება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პეკინის ოლიმპიადის ტრიუმფატორები ნორვეგიელები არიან, რომელთაც 16 ოქროს, 8 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მეორე ადგილზე გერმანია გავიდა 12 ოქროს, 10 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით, მას მოსდევს ჩინეთი 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით.
მეოთხე ადგილს დასჯერდა შეერთებული შტატები 8 ოქროს, 10 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით, ხოლო მეხუთეზე 8 ოქროს, 5-5 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით, შვედეთი გავიდა.
ნორვეგია, მედლების ჯამური რაოდენობითაც არ თმობს პირველობას, მას მოსდევს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრები 32 მედლით.
ოლიმპიურ თამაშებზე წელს საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) ცხრა სპორტსმენი წარსდგა.
წელს ქართველი მოციგურავეები, ისტორიაში პირველად გუნდური ოლიმპიური მედლებისთვისაც იბრძოდნენ.
ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას დუეტმა სპორტულ ცეკვებში მეცხრე ადგილი დაიკავა. ეს კი ზამთრის ოლიმპიადებზე ქართული რეკორდია.
აქამდე ჩვენი ქვეყნის ორ წარმომადგენელს ჰქონდა დაფიქსირებული მეათე ადგილი – ელენე გედევანიშვილს 2006 წელს და მორის ყვითელაშვილს 2022 წელს.
პეკინის ოლიმპიადას არაერთმა ქვეყანამ გამოუცხადა დიპლომატიური ბოიკოტი, ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. ოლიმპიადის გახსნას არ ესწრებოდნენ აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ნიდერლანდების, დანიის, ლიეტუვის ოფიციალური წარმომადგენლები.