გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის ინიციატივით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 18-20 თებერვალს იგეგმება, დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა 19 თებერვალს არის დაგეგმილი და მასში საფრანგეთის, იტალიის, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების საგარეო უწყებათა მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას.
გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრის ერთადერთი და მთავარი თემა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების კონცენტრაციით გამოწვეული კრიზისი იქნება.
ამავდროულად, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში შეხვედრას გამართავენ გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, როგორც ნორმანდიული ოთხეულის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი.
გარდა ამისა, უკრაინის საკითხზე ორმხრივ კონსულტაციებს გამართავენ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები.