სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შუამდგომლობით კიდევ 2 პრობაციონერი დასაქმდა.
ამ მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი კომპანია "ფუდ სერვისს" ესტუმრა.
სადისტრიბუციო კომპანიამ პრობაციონერები საწყობის მუშად აიყვანა. თითოეული პირობით მსჯავრდებული ყოველთვიურად 450 ლარს მიიღებს.
"ფუდ სერვისის" ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა პროდუქციის შესყიდვა და მისი დისტრიბუციაა. კომპანია უახლოეს მომავალში ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს, თუმცა აქცენტს ეროვნული პროდუქციის შესყიდვაზე აკეთებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან მოლაპარაკებებს მუდმივად აწარმოებენ. შედეგად, არაერთი პრობაციონერი უკვე დასაქმდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ "ფუდ სერვისის" მსგავსად, პრობაციონერთა დასაქმების სურვილს სხვა კომპანიებიც გამოთქვამენ, რადგან პირობით მსჯავრდებულთა დასაქმება ხელს უწყობს არა მხოლოდ პრობაციონერების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ დანაშაულის პრევენციას, რაც საზოგადოების უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.