საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ბაკურიანში ერთ-ერთი საბაგიროს გაჩერების გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„2022 წლის 6 თებერვალს მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო და დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ბოდიშს უხდის ყველა დამსვენებელს ავარიის შედეგად შექმნილი დისკომფორტისთვის.
ავარიის მიზეზების შესასწავლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო დავალებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს. შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება.
ინსპექტირების შედეგების შესახებ, საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა. დამსვენებლების საბაგიროდან ევაკუაცია მაშველებმა განახორციელეს.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ საქართველოს 4 მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე, მათ შორის, ბაკურიანში საბაგიროები სამართავად აქვს გადაცემული.