ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს სკულპტურა მოიპარეს.
შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ ღამით მოხდა. ქანდაკების გაუჩინარება მუზეუმის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დილით, ეზოს შემოვლის დროს შენიშნეს.
სკულპტურა ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის VII-VIII საუკუნეებით თარიღდება.
მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლებას გულისხმობს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.
ფოტო: livepress