უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გაძლიერებისა და მოსალოდნელი შეჭრის ფონზე, კვლავ განახლდა დებატები იმის თაობაზე, უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ იარაღი უკრაინას.
აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის პოზიცია კვლავ უცვლელია. თავდაცვის ფედერალური მინისტრის კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია.
"ფედერალურ მთავრობაში არსებობს კონსენსუსი, რომ ასეთი გამწვავებული ვითარების პირობებში, იარაღის მიწოდება შეუსაბამო იქნება", - თქვა ლამბრეხტმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში.
ლამბრეხტის თქმით, გერმანიის მთავრობამ ყველაფერს აკეთებს კრიზისის დეესკალაციის მისაღწევად.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების კონცენტრაციის ფონზე, გერმანია კიევს უცხადებს მხარდაჭერას. მისი თქმით, ბერლინი თებერვალში უკრაინას სრულად აღჭურვილ საველე ჰოსპიტალს გაუგზავნის.
კრისტინ ლამბრეხტმა ასევე გაიხსენა, რომ გერმანიამ კიევს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები გადასცა და დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს ბუნდესვერის კლინიკებში მკურნალობს.
ცოტა ხნით ადრე, გერმანიის სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტიამ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" მთავრობას მოუწოდეს, უარი თქვას იარაღის ექსპორტის შემზღუდავ პოლიტიკაზე და დაუშვას უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება.
გერმანიის მიერ იარაღის მიწოდების უარის ფონზე, დიდმა ბრიტანეთმა და ბალტიის ქვეყნებმა დაიწყეს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება.
თავდაცვის მინისტრის განცხადებას წინ უსწრებდა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ბერლინმა ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემა დაბლოკა.
გერმანიის იარაღის ექსპორტის პოლიტიკის თანახმად, გერმანული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის გადაცემა, მხოლოდ ბერლინის თანხმობით უნდა მოხდეს.
ამავე პოლიტიკის მიხედვით, გერმანია კონლიფქტის ზონებში იარაღის მიწოდებისგან თავს იკავებს.