რუსეთმა, ბელარუსთან დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ბელარუსში მრავალფუნქციური მოიერიშე-გამანადგურებლები Су-35С გაგზავნა. იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
მანამდე, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რუსეთმა ბელარუსში საზენიტო-სარაკეტო სისტემების კომპლექსი С-400 გაგზავნა. გარდა ამისა, ბელარუსში ჩაიტანეს რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსი "პანცირ-ს1".
ბელარუსში ასევე გაიგზავნა 12 გამანადგურებელი Су-35.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები 10-დან 20 თებერვლამდე გაიმართება.
წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.
წვრთნებში ჩაერთვებიან ბელარუსის შეიარაღებული ძალები, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილები, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები.
რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვის და მინსკის მიერ უკრაინის სიახლოვეს დაგეგმილმა წვრთნებმა, დასავლეთის შეშფოთება არ უნდა გამოიწვიოს.
მინსკი და მოსკოვი მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის რომ ემზადებოდნენ ოფიციალურად გასულ კვირას გახდა ცნობილი.
სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ ბელარუსში დაგეგმილი ახალი სამხედრო წვრთნები, უკრაინისთვის ახალ საფრთხეს ქმნის. მათი თქმით, ბელარუსიდან რუსული ჯარები უკრაინის დედაქალაქ კიევთან უფრო ახლოს იქნებიან განლაგებულნი.
"საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ თუ რუსეთი ბელარუსში შორ მანძილზე მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს განათავსებს, კიევის მახლობლად სამიზნეებზე დარტყმას, უკრაინაში შეჭრის გარეშეც შეძლებს.
რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს რეგულარულად მართავენ.
ბოლო მასშტაბური სწავლება "ზაპად 2021" სექტემბერში გაიმართა და მასში 200 000 სამხედრო მოსამსახურე, 80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 760 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 15 გემი მიიღებენ მონაწილეობდა.