"ამერიკელები ავღანეთში ტოტალური ჩავარდნისთვის არიან განწირულნი, ვინაიდან მათ ამ ქვეყანაში ცხრაწლიანი ყოფნის განმავლობაში თავიანთი თავი სრულად ამოწურეს. რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ლიდერების ეს განცხადება გამოქვეყნდა დღეს ინტერნეტ-გამოცემა "ჯიჰადის ხმაში". იქვე მითითებულია, რომ "თალიბანის" ლიდერებმა ეს განცხადება ლისაბონში მიმდინარე ნატოს სამიტს "მიუძღვნეს".
"თეთრმა სახლმა უკვე დაადგინა, რომ 2011 წლის ივლისისათვის თავისი საოკუპაციო ჯარი ავღანეთიდან უნდა გაიყვანოს. მათ კი უკვე დამანგრეველი დარტყმა აქვთ მიყენებული", _ ნათქვამია "თალიბების" განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამჟამად აშშ-ს ავღანეთში თავისი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და ბრძოლის ველად ქალაქი ყანდაღარი აქვს ამორჩეული.
"ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ისინი (ამერიკელები) ცდილობენ ავღანეთში რომელიმე პოლიტიკური ან სამხედრო პროგრესის მიღწევას და ამისათვის ყველა მათ ხელთ არსებულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს იყენებენ. მათ მოჯაჰედთა რიგებში განხეთქილების შეტანა სურთ. თუმცა ხედავენ რა, რომ მათ მოსახლეობა მხარს არ უჭერს მათ ამ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და მკვლელობები დაიწყეს", _ აცხადებენ "თალიბები".
მათივე განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბოლო თვის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებს მედიისათვის არც ერთი ინფორმაცია არ მიუწვდიათ თავიანთი სამხედრო "წარმატებების" შესახებ ავღანეთის სხვა და სხვა რაიონებში. ეს კი "თალიბების" განმარტებით იმიტომ ხდება, რომ ამერიკელებს არ აქვთ დადასტურებული ინფორმაციას მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის რაოდენობის შესახებ.
"ყანდაღარის წარუმატებლობები გახდა სწორედ მთავარ მიზეზი იმისა, რომ დემოკრატებისა და ობამას რეიტინგი უკვე 46 % მდე დაეცა და მითი ამერიკული სამხედრო ძალის უპირატესობის შესახებ ავღანეთში მალევე გაიფანტა. ახალი გენერლების დანიშვნებსა და ცვლილებებს მათთვის წარმატებები ვერ მოაქვს და ამიტომაც ისინი დემორალიზებულნი არიან", _ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკელები დიდხანს ვერ დამალავენ ყანდაღარში თავის წარუმატებლობებს და ამიტომაც - "ვაშინგტონი კარგად უნდა დაფიქრდეს ავღანეთიდან თავის ჯარის გამოყვანის სქემაზე და იმაზე თუ როგორ დაიცვას იმ ჯარისკაცების სიცოცხლე რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან".