ნატოს ჯარები ავღანეთს არ დატოვებენ. ამის შესახებ განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ლისაბონში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, "აისაფის" პროგრამაში ჩართული ქვეყნების პირველი პირების შეხვედრაზე განაცხადა.
"დღეიდან ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომლითაც ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავლსაზრისით მთავარ როლს ქვეყნის მთავრობა შეასრულებს. ეს არის შეხედულება, რომელსაც ჩვენც და ქვეყნის პრეზიდენტი კარზაიც იზიარებს და რომელიც მომავალი წლიდან რეალობა გახდება. მაგრამ ეჭვი ნურავის შეეპარება იმაში, რომ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას განვაგრძობთ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ეს წარმატება იმავეს ნიშნავს, რასაც ავღანელი ხალხისთვის. თუ ავღანეთის მტრებს ჰგონიათ, რომ შეუძლიათ დაიცადონ მანამდე, ვიდრე ჩვენ ქვეყანას დავტოვებთ, მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ დავრჩებით ავღანეთში იმდენ ხანს, რამდენი დროც ჩვენი მუშაობის დასრულებას დასჭირდება", - განაცხადა რასმუსენმა.
ამასთან, აღნიშნულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის ნატოს არაწევრი ქვეყნების ლიდერებს მადლობაც გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ "აისაფის" პროგრამაში ჩართული ქვეყნების პირველი პირების შეხვედრაზე, რომელიც ლისაბონის ნატოს სამიტის ფარგლებში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა.