ევროპის პარლამენტი ახალ პრეზიდენტს ირჩევს. ევროკავშირის საკანონმდებლო ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დევიდ სასოლი გარდაიცვალა.
ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, კენჭისყრა სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტობის კანდიდატებს პარლამენტი პოლიტიკური ჯგუფები ან ევროპარლამენტართა ჯგუფი წარადგენენ.
პრეზიდენტად არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც ხმების უბრალო უმრავლესობას, წევრთა შემადგენლობის 50% პლუს 1 ხმა, მოიპოვებს. კენჭყისყრა ფარულია.
თუ პირველ ტურში ვერ გამოვლინდება გამარჯვებული, მეორე ან მესამე ტურში მონაწილეობას მიიღებენ იგივე ან სხვა კანდიდატები, იგივე პირობებით. თუ მესამე ტურშიც ვერ აირჩევენ პრეზიდენტს, მაშინ ამ ტურში ყველაზე მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატი გადავა მეოთხე და საბოლოო კენჭისყრაზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის ფუნქციები მეტწილად სიმბოლური და ცერემონიულია. ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი წარმოადგენს ამ ინსტიტუტს საერთაშორისო ფორმატებსა და ევროკავშირის სხვა ორგანოებთან ურთიერთობისას.
პრეზიდენტი ასევე უძღვება პარლამენტის პლენარულ სესიებს ბრიუსელსა და სტრასბურგში. იგი ასევე ზედამხედველობს პარლამენტისა და მისი ორგანოების მუშაობას და უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას.
ისევე როგორ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ხელს აწერს ყველა კანონს, რომელიც მიღებულია ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურით.
ვინ არიან პრეზიდენტობის კანდიდატები
ევროპარლამენტის პრეზიდენტობას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ოთხი კანდიდატი ესწრაფვის.
არჩევნებში ფავორიტად ითვლება 42 წლის რობერტა მეცოლა, რომელიც დევიდ სასოლის პრეზიდენტობისას პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ის არის მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალური კანდიდატი.
მწვანეების კანდიდატია 50 წლის შვედი პოლიტიკოსი, ალისა ბახ კუჰნკე.
კიდევ ერთი კანდიდატია ესპანელი ევროპარლამენტარი სირა რეგო, რომელიც წარმოადგენს მემარცხენეთა ჯგუფს.
პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, ასევე პოლონელი ევროპარლამენტარი კოსმა ზლოტოვსკი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) ჯგუფიდან, ერთადერთი მამაკაცი, რომელიც სამ ქალს დაუპირისპირდება.
ახალი პრეზიდენტის ვინაობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.