ჟიგიმანტას პავილიონისმა ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. იუწყება ადგილობრივი მედია.
მედიის ცნობით, რომელიც პავილიონისის განცხადებას ეყრდნობა, თანამდებობა მმართველი პარტია "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნით დატოვა.
"თანამდებობაზე ყოფნის ერთი წლისთავზე, ჩემი პარტიის მოთხოვნით, ვტოვებ ამ პოსტს", - თქვა პავილიონისმა.
პავილიონისის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პოლიტიკა გუნდური მუშაობაა და ზოგჯერ ერთი მიზნისთვის უკან უნდა დაიხიო.
"ამ პოლიტიკურმა გუნდმა დამასახელა და მხარი დამიჭირა ამ თანამდებობაზე. მათი გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იქნებოდა უპატივცემულობა", - დასძინა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.
როგორც ირკვევა, 21 დეკემბერს "ქრისტიან-დემოკრატებმა" ჟიგიმანტას პავილიონისს თანამდებობის დასატოვებლად ვადა 3 იანვრამდე მისცეს.