ლაგოდეხში, სოფელ კაბალში მდებარე "კაბალჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 15 ჰექტარამდე ტყის მასივი იწვის - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა მერაბ შათირიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ცეცხლი ძირს დაყრილ ხმელ ხეებს და ფოთლებს უკიდია, თუმცა იმის გამო, რომ ტერიტორია მიუვალია, სახანძრო სამსახური ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.
მერაბ შათირიშვილის განცხადებით, "კაბალჰესიდან" ხანძრის კერამდე სახანძროს ავტომანქანით მისვლას ვერ მოახერხებენ, ამიტომ ცეცხლის ჩაქრობა მათ ხელით მოუწევთ.
"ხვალ დილის 06:00 საათზე ვგეგმავთ ჯგუფის გაგზავნას ადგილზე, დღეს კი მაშველების მობილიზებას მოვახდენთ. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ყველა ადამიანი ვისაც შესაძლებლობა ექნება დახმარება გაგვიწიოს და ცეცხლის ჩაქრობაში მიიღოს მონაწილეობა. წინასწარი ინფორმაციით ხანძარი 15 ჰექტარზეა გავრცელებული, თუმცა ზუსტი მონაცემები ხვალ გვექნება", - განუცხადა "ჰერეთს" ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა მერაბ შათირიშვილმა.