რომის პაპმა ფრანცისკემ საახალწლო მიმართვაში საზოგადოებაში ქალებისა და დედების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საღმრთო ლიტურგიის დროს, პონტიფიკოსი გამოვიდა მოწოდებით, მხარი დაუჭირონ დედებს და დაიცვან ქალები ძალადობისგან.
"ქალებზე ძალადობა უნდა დასრულდეს! ქალის შეურაცხყოფა ღვთის შეურაცხყოფაა", - თქვა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.
"ეკლესია არის დედა, ეკლესია არის ქალი. და რადგან დედები შობენ სიცოცხლეს და ქალები ინარჩუნებენ მშვიდობას, მოდით ყველამ ერთად ვიმუშაოთ დედების ხელშეწყობისთვის და ქალების დასაცავად", - თქვა რომის პაპმა.
1-ელ იანვარს კათოლიკური ეკლესია მშვიდობის მსოფლიო დღეს აღნიშნავს, ანუ "მსოფლიო ლოცვის დღეს მშვიდობისთვის". ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს შესთხოვენ, დაასრულოს ყველა ომი და მშვიდობამ დაისადგუროს დედამიწაზე.