მესტიაში ადგილობრივებმა ხატზე დაიფიცეს, რომ ე.წ. "მაინერებს", რომლებიც კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად დიდძალ ელექტროენერგიას იყენებს, გამორთავენ.
მესტიელები წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან ელექტროენერგიის მიწოდება იმდენად არის შემცირებული, რომ მესტიელები იმ დროსაც კი, როცა დენი არ ქრება, მის გამოყენებას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივები პასუხს ხელისუფლებისგანაც მოითხოვენ, თუმცა დასძენენ, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.
მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდება უფასოა, რამაც ადგილობრივებს, როგორც ჩანს, კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად "მაინერების" აქტიური გამოყენებისკენ უბიძგა. "მაინერი" დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც ელექტროსადენები ვერ უძლებენ და მუნიციპალიტეტში დენის მიწოდება ხშირად პრობლემურია.
რამდენიმე დღის წინ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინებოდა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტრონერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც მესტიას სრული ჩაბნელების რისკის წინაშე აყენებს. მერიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დიდწილად ე.წ მაინერების მომრავლებასთანაა დაკავშირებული.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფოორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას. გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.