მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში, იმერეთში და გურიაში „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ განხორციელდება.
მიზნობრივ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. დაფინანსება მოიცავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის თანხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას და ასევე სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ის საგრანტო დაფინანსებას.
მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს. პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.