ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ახალი მოწვევის საკრებულოების სხდომები კვლავ გადაიდო.
სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თავმჯდომარე და მოადგილეები უნდა აერჩიათ.
ორივე შემთხვევაში სხდომის გადადების მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები. სხდომას "ქართული ოცნებისა" (20-დან 17) და პარტია "საქართველოსთვის" (3-დან 2) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა დეპუტატთა ეს რაოდენობა კვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრია. "ქართულ ოცნებას" 20 მანდატი აქვს, , 23 - "ნაციონალურ მოძრაობას", 3 კი - პარტიას "საქართველოსთვის".
ზუგდიდის საკრებულოს მომდევნო სხდომა 12 იანვარს ჩაინიშნა.
რაც შეეხება სენაკის საკრებულოს. ამ შემთხვევაში თვითმმართველობის ორგანოს სხდომაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებით, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელს უჭერენ, რასაც "ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება და ცდილობს სხდომის გაჭიანურებას.
"ქართულ ოცნებას" არ აქვს სენაკის საკრებულოში უმრავლესობა, შესაბამისად, ყველა ღონეს ხმარობს, რომ გააჭიანუროს და შეძლოს საკრებულოს მუშაობის შეფერხება. გაცხადებული პოზიციაა, რომ გახარიას პარტიის კანდიდატს ირაკლი კაჭარავას დავუჭიროთ მხარი," - აცხადებს სენაკის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლაშა კუჭავა.
სენაკის საკრებულოში 33 წევრია. "ქართული ოცნებას" 16 მანდატი აქვს, 13 - "ნაციონალური მოძრაობას", 4 კი პარტიას "საქართველოსთვის".
სენაკის საკრებულოს მომდევნო სხდომა 28 დეკემბერს ჩაინიშნა.