გერმანიაში ახალი კოალიციური მთავრობა უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
ახალი მმართველობის დასაწყისს წინ უძღოდა ბუნდესტაგის მიერ გერმანიის კანცლერად ოლაფ შოლცის არჩევა, შემდეგ კანცლერისა და მთავრობის შემადგენლობის პრეზიდენტ შტაინმაიერის მიერ დამტკიცება და ფიცის დადების ცერემონიალი.
ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი „მწვანეთა“ პარტიის თანათავმჯდომარემ, 40 წლის პოლიტიკოსმა ანალენა ბერბოკმა დაიკავა.
ბერბოკი პირველი ქალია და ამავდროულად, ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც გერმანიის საგარეო უწყებას უხელმძღვანელებს.
ანალენა ბერბოკი რუსეთისა და ჩინეთის მისამართით კრიტიკულ განცხადებებს არ იშურებს. ის წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გამოვიდა რუსული მილსადენის პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ.
ამასთან, ბერბოკი, გაზის რეკორდულად მაღალი ფასების ფონზე, კრემლს შანტაჟსა და ენერგეტიკული რესურსების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებდა.
როგორც "მწვანეთა" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბერბოკი ემხრობა ქვანახშირის ენერგიის უგულვებელყოფასა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას. გარდა ამისა, ბერბოკი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეს რეალურად მიიჩნევს და მსოფლიოს უფრო აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს.
გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის 17 თანამდებობიდან 8 სოციალ-დემოკრატებმა ჩაიბარეს, მათ შორის კანცლერის პოსტი. დანარჩენი 9 თანამდებობა განაწილდა კოალიციურ პარტნიორებს, მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის.