გერმანიის მომავალმა კანცლერმა, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ოლაფ შოლცმა კოალიციური მთავრობის წევრობის სოციალ-დემოკრატი კანდიდატები წარადგინა.
ოლაფ შოლცის განცხადებით, მომავალ მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის პორტფელს ცნობილი ექიმი კარლ ლაუტერბახი ჩაიბარებს.
ლაუტერბახი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს გახდა, როდესაც ის ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. ამასთან, ის იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჯანდაცვის პოლიტიკის სახე.
"ამ ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას, ალბათ, სურდა, რომ შემდეგი ჯანდაცვის მინისტრი ყოფილიყო დარგის სპეციალისტი, რომელიც ნამდვილად შეძლებდა თავისი საქმის გაკეთებას", - თქვა მომავალმა კანცლერმა ლაუტერბახის წარდგენისას.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბერლინში პოლიტიკური მიმომხილველებისთვის დიდი სიურპრიზი იყო შინაგან საქმეთა მინისტრად ნენსი ფეზერის წარდგენა.
ნენსი ფეზერი ამ დრომდე ჰესენის ფედერალურ მიწაზე სოციალ-დემოკრატების ლიდერი იყო. მის კანდიდატურას პოლიტიკის მკვლევარები არ უწინასწარმეტყველებდნენ ფედერალურ თანამდებობას, ამიტომაც ფეზერის წარდგენა ერთ-ერთ მთავარ სამინისტროში, რომელიც ზედამხედველობს გერმანიის შიდა უსაფრთხოების უზარმაზარ აპარატს, მოულოდნელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ნენსი ფეზერი იქნება პირველი ქალი გერმანიის პოლიტიკაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უმეთაურებს.
ახალ კოალიციურ მთავრობაში იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი თავდაცვის სამინისტროს ჩაიბარებს.
კლარა გეივიცი, სოციალ-დემოკრატების ლიდერის მოადგილე და ერთადერთი აღმოსავლეთ გერმანელი ახალ კაბინეტში, უხელმძღვანელებს მშენებლობისა და საცხოვრისის ახლადშექმნილი სამინისტროს. ამ სამინისტროს შექმნა კოალიციური მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი იყო.
ახალი მთავრობა ყოველწლიურად 400 000 ახალი ბინის აშენებას გეგმავს, რათა დაუპირისპირდეს ქვეყანაში არსებულ საცხოვრისის დეფიციტს.
სვენია შულცე, რომელიც ანგელა მერკელის დროს გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, განვითარების სამინისტროს ჩაიბარებს.
ჰუბერტ ჰეილი შეინარჩუნებს შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას.
გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის 17 თანამდებობიდან 8-ს სოციალ-დემოკრატები ჩაიბარებენ, მათ შორის კანცლერის პოსტს. დანარჩენი 9 თანამდებობა განაწილდება კოალიციურ პარტნიორებს, მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის.
ახალ მინისტრთა კაბინეტში თანაბარი რაოდენობის კაცი და ქალი მინისტრი იქნება, რაც შოლცის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.
ახალი მთავრობა ფიცს ოთხშაბათს დადებს. ამავე დღეს, ბუნდესტაგი დაამტკიცებს ახალ კანცლერს.