კორონავირუსი მსოფლიოს 222 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდის 266 738 299 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 278 047 ადამიანი.
ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა, ამ დროისთვის, აშშ-შია - პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 50 148 680 ადამიანი დაინფიცირდა, 800 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.
როგორც CNN წერს, ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, აშშ-ში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 100 ათასს აჭარბებს. მიზეზი კი მადლიერების დღის გამო მილიონობით ამერიკელის მოგზაურობებია. გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც.
შემთხვევების უმეტესი ნაწილი აშშ-ში „დელტა“ ვარიანტია, თუმცა ახალი შტამი, „ომიკრონი“ სულ მცირე 16 შტატში დააფიქსირეს. ვარიანტის გამოჩენის გამო ხელისუფლება შეშფოთებულია, რადგან ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და ჯერჯერობით, არ არის დაზუსტებული, იცავს თუ არა ადამიანს მისგან ვაქცინა. უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას რამდენიმე კვირა სჭირდება.
ხელისუფლება ვაქცინაციის ტემპის გაორმაგებას გეგმავს - CDC-ის მონაცემებით, ამჟამად აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 60%-ია სრულად ვაქცინირებული, „ბუსტერი“ კი 23%-მა გაიკეთა.
კორონავირუსის შემთხვევების სიმრავლით მეორე ადგილზეა ინდოეთი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში „ომიკრონიც“ იწყებს გავრცელებას - ინდოეთში ახალი შტამის უკვე 23 დადასტურებული შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 6822 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 200 ადამიანი. ხელისუფლება ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერებას ცდილობს, რათა „ომიკრონის“ გავრცელების საფრთხე შემცირდეს.
22 147 476 შემთხვევით, კოვიდის გავრცელებით მესამე ადგილზე კვლავ ბრაზილიაა. სიკვდილიანობით კი მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება - ინფექციამ ბრაზილიაში უკვე 615 789 ადამიანი იმსხვერპლა.
რიო-დე-ჟანეიროში, სადაც შობის ზეიმისა და კარნავალისთვის მილიონობით ადამიანი ჩადის, ორივე ღონისძიება კვლავ ძალაშია, თუმცა ქალაქის მერის თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება.
„ომიკრონმა“ ბრაზილიაშიც შეაღწია, გასულ კვირას ქვეყანაში ახალი შტამის 3 დადასტურებული შემთხვევა იყო.