ყვარლის რაიონის სოფლებში გავაზში, ენისელსა და შილდაში მცხოვრებნი ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მოსახლეობა ენერგოკომპანიისგან ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ფაქტების აღკვეთას ითხოვს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
"მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს საუბნო მრიცხველის ჩვენებით გვახდევინებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგიას გვითიშავენ. საუბნო მრიცხველის ჩვენება ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებების ჯამისგან თითქმის ყოველთვე განსხვავდება. ზოგიერთი ოჯახი ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარს, რაზედაც ენერგოკომპანიას არაერთხელ ვაცნობეთ, მაგრამ უშედეგოდ. ყურადღებას არავინ გვაქცევს", - აცხადებენ ადგილობრივები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ინფორმაციით, სემეკ-ის 2009 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით, ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" ვალდებულია მომხმარებლის მხრიდან ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შესახებ, ზეპირი ან წერილობითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება.
"თუ შემოწმების შედეგად უკანონოდ მოხმარების ფაქტი გამოვლინდა, კომპანია ვალდებულია შეადგინოს სამართალდარღვევის აქტი და დავალიანება უნდა დაარიცხოს უშუალოდ იმ პირს, ვინც ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებას ახორციელებდა. სპეციალურად ამგვარი დარღვევების გამოსაკვეთად ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" ენერგოპატრულის სამსახურიც კი ჰყავს, მაგრამ კომპანია მომხმარებელთა საჩივრებით არ ინტერესდება, რადგან ახერხებს, უკანონო გზებით დატაცებული ელექტროენერგიის თანხა კეთილისინდისიერი მომხმარებლებისგან ამოიღოს", - აღნიშნეს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისში.
მომხმარებლების ბრალდებებთან დაკავშირებით ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" კომენტარი არ გააკეთეს.