საქართველო, 4 წლით, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს. მისი განმარტებით, ხმის მიცემაში ევროპის 41 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.
“საამაყო ამბები გრძელდება!
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა (4 წლის ვადით)!
რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის:
აღმასრულებელი საბჭო ყველაზე გავლენიანი პლატფორმაა მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში;
საქართველო საბჭოს წევრი, ისტორიაში პირველად, არჩევნების გზით გახდა. ხმის მიცემაში ევროპის რეგიონის 41 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ეს კი, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსადმი ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს და ამყარებს ჩვენს გზას ევროინტეგრაციისკენ.
ამ გამარჯვებით, საქართველო გახდა მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის გლობალური მოთამაშე, რაც აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციონირებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას.
საქართველო წვლილს შეიტანს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში და სტრატეგიის დასახვაში, ისევე როგორც, UNWTO-ს გამჭვირვალე და ეფექტურ საქმიანობაში
დიდი მადლობა ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში!”, წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.