უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური პრობლემები და მისი სრული რეაბილიტაცია მხოლოდ თავისუფლებაზეა შესაძლებელი.
როგორც გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ იასკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს აწუხებს მაღალი წნევები და ასევე აქვს ღვიძლის პრობლემებიც.
"ის საკმაოდ სუსტად არის. რა თქმა უნდა სასამართლო პროცესის დროს ცდილობს ძალღონე მოიკრიბოს. აქვს ნევროლოგიური პრობლემები, ასევე პრობლემები ღვილზე. ანალიზები არაა კარგი... მისი სრული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლებაზე, სხვა შემთხვევაში ეს შეუძლებელია", - განაცხადა იასკომ.
მისივე თქმით, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლა ჰქონდა, რა დროსაც მან სააკაშვილზეც ისაუბრა.
"ველოდებით, რომ სააკაშვილი იყოს უკრაინაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე ეს ასე იქნება, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ მხარეზე. ჩვენ ვცდილობთ ის დავიცვათ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ასევე უკრაინელი პოლიტიკოსი. გუშინ, პრეზიდენტ ზელენსკის ჰქონდა გამოსვლა უმაღლეს რადაში, სადაც მან ისაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან ინიციატივაზე. მათი ნაწილი სწორედ სააკაშვილს ეკუთვნის, მათ შორის ეკონომიკური რეფორმებიც. უკრაინა მას ელოდება", - თქვა იასკომ.