ეს არის პროპაგანდისტული ბრალდება, რასაც ძალიან წარმატებით იყენებენ სამთავრობო მედიები, რომლებიც ცდილობენ, რომ კორუფციასთან დაკავშირებული იარლიყი მიარტყან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დიდხანს მაინც არ გაჩერდება ციხეში.
„ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ სხდომების საჯაროობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს და ერთ-ერთი გამორჩეული საქმე არის სწორედ „პიჯაკების საქმე“. სწორედ ამიტომ, ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხდომა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, ტელევიზიების მეშვეობით. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა ასევე, მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ დაესწრონ პროცესზე, გაშუქების ფუნქციის გარეშეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ექნება შესაძლებლობა წარსდგეს სიტყვით სასამართლო სხდომაზე და ჩვენ მოვისმენთ მის განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ზოგად შეფასებებს.