გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა.
ლევან დავითაშვილმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკას შორის არაერთი მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.
ანა მარია შიკომ აღნიშნა, რომ აქტიურად იმუშავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნგრეთში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტსაც, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.