"რისი გაკეთებაც შეიძლებოდა სამართლის სისტემაში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მივაღწიეთ დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილებას, ლეგალიზაციის გადაწყვეტილებას, ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები ამ ყველაფრის ავტორები, შემოტანილი გვაქვს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ამბობს, რომ კრიმინალი არ უნდა იყოს კანაფის მოხმარება და ადამიანები ამის გამო ციხეში არ უნდა ისხდნენ. და დღესაც გვესმის ის არგუმენტები, რომელიც გვესმოდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ არგუმენტებს ჩვენ ერთხელ უკვე ვუპასუხეთ და საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიჯერა და გვინდა, რომ საქართველოს პარლამენტმაც დაგვიჯეროს“,-ამის შესახებ საპარლამენტო- პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
იაგო ხვიჩიამ დეპუტატებს თხოვნით მიმართა კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს იმ 84 ადამიანის გამოშვებას ციხიდან, ვინც მარიხუანას მოხმარების, შეძენის და შენახვის გამო იხდის სასჯელს.
„დღეს გადის ოთხი წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა. მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა-წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს“.
გავიდა 4 წელი და 84 ადამიანი კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარების, შეძენის ან შენახვის გამო იხდის სასჯელს პენიტენციალურ დაწესებულებაში.
ძალიან მალე პარლამენტში დაიწყება განხილვა თემისა, რომელიც ითვალისწინებს 84 ადამიანის გამოშვებას ციხიდან და იმას, რომ მომავალში არ დავიჭიროთ ადამიანები ლეგალური ნივთიერების მოხმარებისთვის.
მე მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მინდა ყველამ დავინახოთ საკუთარი თავი მომავლიდან. სამი წელი აქვს ამ პარლამენტს იმისთვის, რომ რაღაც გააკეთოს, რაღაც შეცვალოს ამ ქვეყანაში. ერთ წელი გავიდა ისე, რომ ზოგადად არაფერი გაგვიკეთებია. პოლიტიკურ კონფლიქტს და კინკლაობას მიაქვს ეს დრო და მე მინდა ვითხოვო თქვენი მხარდაჭერა ამ ძალიან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომლისთვის ბრძოლა ჩვენ 5 წლის წინ დავიწყეთ და ყველაფერი გავაკეთეთ რაც სამართლის სისტემაში იყო შესაძლებელი“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.