ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებს სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით - ამჯერად, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაუვადდებათ. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში” შედის.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად.
ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ბოლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა.